ქუთაისის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობით მიმდინარეობს
ქუთაისში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს. გალაკონცერტი ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” ორგანიზებით იმართება, რომლის მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა. კონცერტში მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო – ვესელინა კაზაროვა, პოლონელი ბანი – რაფაელ სივეკი და მსოფლიო დონის ტენორი – ანტონელო პალომბი.
ქართველი შემსრულებლებიდან კი მონაწილეობას იღებენ ნინო სურგულაძე,, ასევე ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
“ბედნიერი ვარ და მოლოდინი მაქვს დიდი, რადგან ყველა ჩვენი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ქველმოქმედებას და ბავშვებს, რა თქმა უნდა, არის სანერვიულო. ჩვენ უნდა შევასრულოთ მისია – დავეხმაროთ ბავშვებს. მიხარია ის, რომ დარბაზი სავსეა. ძალიან ბევრია დაინტერესებული. მიხარია, რომ გასვლა მოხდა რეგიონში და შემდგომში სხვა რეგიონებშიც დავეხმარებით ბავშვებს. ვფიქრობ, ეს პოზიტივი და სიყვარული, როგორც არასდროს ისე გვესაჭიროება”, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.