თამარ ჩუგოშვილი: რაც გუშინ კინოთეატრებთან ხდებოდა, თავისუფლების გამოხატვის ყოველგვარ ფარგლებს ცდება 

„ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად. ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი. გუშინ რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს იყო  აგრესია,  ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი”,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ და დღეს თბილისში, კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესები ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოუდგენელი ხელოვნებასთან ბრძოლა იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს გმირი ან სიუჟეტი. მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, პროცესს, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვა, თვალს ადევნებს ცივილიზებული მსოფლიო და ეს ყველაფერი ქვეყანას  ძალიან ცუდად წარმოაჩენს.

„ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები