ლევან ვასაძე: უფლის ნება იყო გუშინ კინოდარბაზში რომ ვერ შევედით

“მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში”,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ კინოთეატრ ” ამირანთან” გამართულ აქციაზე პროვოკატორები იყვნენ.

„სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს გულწრფელად, 100 პროცენტით მინდოდა გუშინ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისგან სრულიად გამოვიფიტე, როდესაც სიმწრისგან, ამ ჟურნალისტებისაგან გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები გამოფიტვის ზღვარზე არის, უცებ მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში. ვფიქრობ, ჩვენ რომ გუშინ იქ შევსულიყავით, პროვოკატორებს, ვინც პიროტექნიკას და პეტარდებს ისროდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს, შიგნით ჩვენ მათ ვერ გავაკონტროლებდით და კიდევ უარესს იზამდნენ. კიდევ უფრო მეტი ხალხი დაბრკოლდებოდა ტრადიციული ღირებულებების მიმართ. ამიტომ მივიღოთ ეს, როგორც უფლის ნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც კაცებს, გვინდოდა ამ კინოჩვენების შეწყვეტა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ გუშინდელის განმეორების საჭიროებას ვერ ხედავს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.

„არ ვხედავ აქ რაღაც საჭიროებას გუშინდელის გამეორებისა, რაღაც აღტკინებას და უამრავ ხალხს, რომელიც იწევს, რომ კინოთეატრის წინ მდგომ ათასობით პოლიციელს შუბლით შეასკდეს. ნამდვილად ყველა ადამიანი მეცოდება, პოლიციელებიც და ხალხიც, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თავისუფალი ნებით მოვიდა აქ, არავისთვის დაგვიძალებია. ამიტომ ჩვენი პროტესტის ფორმა გაგრძელდება, სანამ ეს უბედურება იქნება. დღეს თუ სეანსებს ჩაატარებენ, ვისაც როგორ უნდა. ვიცი, ნაწილი აპირებს პლაკატების სახით გააპროტესტოს, ზოგი პარაკლისს გადაიხდის, ზოგი უბრალოდ დადგება, ზოგი სახლში წავა. დღეს არავითარი ორგანიზატორის ფუნქციას არ ვთაობ.

ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ყველანაირ პროვოკაციას პეტარდის სროლა იქნება, თუ ქვის სროლა. ნახეთ, რომ განსხვავებით ამ ჭინკებისაგან, რომლებმაც სისხლში აბანავეს ჩვენი ქვეყანა და თვითონ ერთი ნაკაწრი არ მიუღიათ, ისხდნენ თავთავიანთ კაბინეტებში, პარლამენტში, თავთავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ამ ნარკოტიკებით ეგზალიტირებულ, დაქირავებულ ბოევიკებს და გაბრუებულ ახალგაზრდებს ერეკებოდნენ ამ სასაკლაოზე. სხვათა შორის, ის ხალხი ზის ახლა ამ კინოთეატრებში და მათვე იცავს ის პოლიცია, ვისაც ასისხლიანებდნენ, როგორი ცინიზმია და როგორი ამოტრიალება არის ყველაფრის ჩვენ თვალწინ. ჩვენ ყველანი ძმურად, ერთად ვიდექით ამ გასაჭირში და ყოველთვის ერთად დავდგებით ნებისმიერ ასეთ გასაჭირში“, – განაცხადა ვასაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები