რას ფიქრობენ ადგილობრივები “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე – “ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია”

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე ​ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

როგორც ინტერვიუში ივანიშვილი აღნიშნავს, “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იქნება ნაწილი იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს.

“ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი“

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოს დამატებით ხიბლს შესძენს და გამოაცოცხლებს.

“ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს  ქუთაისში ცოდნის მიღებას“– ამბობს ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ იდეას დადებითად აფასებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროექტი გამოაცოცხლებს ქალაქს და გამორჩეულ სტატუსს დაუბრუნებს მას.

“ქუთაისს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის გამორჩეული სტატუსი ჰქონდა. სასიხარულოა, რომ ეს დიდი სტატუსი ქალაქს ისევ დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუთაისში არის უნივერსიტეტი და რამდენიმე სასწავლებელი,საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ქალაქს სულ სხვა დატვირთვას მისცემს. არა მხოლოდ განათლების კუთხით, არამედ განვითარებისთვისაც, ეს იქნება დიდი იმპულსის მიმცემი და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კადრების აღზრდას და ქალაქში დამკვიდრებას. ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რომელსაც ქუთაისელები შესაბამისი პასუხისმგებლობით შეხვდებიან“, – ამბობს ქუთაისის მაცხოვრებელი მერაბ გეზევაძე.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში ათასობით ადგილობრივი დასაქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტში ათასობით ადგილობრივი იქნება დასაქმებული. სწორედ ეს იქნება დიდი გამარჯვება და პერსპექტივა. ეს ყველაფერი კი როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას ევროპული განათლება მიიღონ “, – აცხადებს მერაბ გეზევაძე.

ასევე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს, აღნიშნული პროექტის განხორციელებას ქუთაისელი სტუდენტი ლინდა ტრაპაიძე. ის მიიჩნევს, რომ ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს და გამოსაცოცხლებლად ხელისშეწყობა ნამდვილად სჭირდება.

“ვფიქრობ, ძალიან დიდი პერსპექტივების მატარებელი იქნება ეს პროექტი, რადგან ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს და ხელისშეწყობა ნამდვილად სჭირდება, რათა გამოცოცხლდეს. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი  ხელს შეუწყობს ქალაქი წინ წავიდეს , როგორც განვითარების, ასევე განათლების კუთხით. მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი ქალაქის პოპულარიზაციისთვის და ძალიან გვიხარია, რომ მთავრობა ყურადღებას მიაქცევს ქალაქს, რომ მეტად განვითარდეს“, – ამბობს ლინდა ტრაპაიძე.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი ბიუჯეტი მილიარდი ევროა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები