თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო.

სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

კალაძის თქმით, სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება.

„მე-2 მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც ახალი პარკი გაკეთდება. ტერიტორია დიდი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი პროექტი გამოდის – გაკეთდება მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის, დაირგვება ხე-მცენარეები, სკვერი განათდება, მოწესრიგდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს აღნიშნული პროექტის გაგრძელება ქვემოთ. გვინდა, ქვედა ეზოებიც მოვაწესრიგოთ და ეს სივრცეები ერთმანეთს დავუკავშიროთ. საერთო ჯამში, ერთ ჰექტარამდე გამწვანებული სივრცე შეიქმნება საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქ იყო უკანონო შემოღობვები. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან მათი ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით ხდება ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟი, რაც პარკის ტერიტორიას დაემატება და აღნიშნულ სივრცეს ისევ ადგილობრივი მოსახლეობას გამოიყენებს. სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდება ფიტნესზონა, დამონტაჟდება საქანელა სკამები და სარწყავი სისტემა; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიმდინარე პროექტს მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს დეპუტატი მიხეილ რეხვიაშვილი გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები