“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“: გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის შალვა თადუმაძის კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, პირობის შესრულება მაინც გადაწყვიტა.

“მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, თუ ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანაკურსელები გამოჩნდებოდნენ, მათ ხინკალზე დავპატიჟებდი, კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა პირობის შესრულება მაინც გადავწყვიტე“, – განაცხადა გოცირიძემ.

ხინკალი დეპუტატის შეკვეთით ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზთან მიიტანეს, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობდა. ხინკლის ყუთებზე შემდეგი სახის წარწერა იყო: “თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“.

ხინკლისა და დიპლომის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები