ოზურგეთში გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი გაიმართება

8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში  გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელები არიან – სერგო ურუშაძე და ნინო რაზმაძე, კონსულტანტები – გიორგი გორდელაძე და თამარ კევლიშვილი.
ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, 2017-2018 სასწავლო წლიდან, სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, გუნდმა ოფიციალური სტრუქტურის სახე მიიღო.
2016 წელს გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში „Parbeg laivelis“ (კლაიპედა, ლიტვა); ამავე წელს, ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმში (თბილისი, საქართველო); 2017 წელს ფესტივალში „Les Buskers de Neuchâtel“ (ნოშატელი, შვეიცარია); 2018 წლის ოქტომბერში მეათე „საერთაშორისო ხელოვნების დღეებში“ (ტრაპიზონი, თურქეთი); 2019 წელს მესამე „სააღდგომო ფესტივალში“ (მინსკი, ბელორუსია).
გალობის უნივერსიტეტისა და ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის იანვარში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) სოლო კონცერტი გამართა.
2018 და 2019 წელს გუნდი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის გრან-პრის (გალობა/სიმღერის კატეგორია) და ოქროს მედლის (გალობა/სიმღერის კატეგორია) მფლობელი გახდა.
გუნდი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ კონცერტებში და ეპარქიებში აღვლენილ წირვა-ლოცვაში. გუნდს გამოცემული აქვს ორი აუდიოალბომი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფოლკლორის ცენტრი  და ფონდი „ქართული გალობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები