“თავზე ჩაფხუტი არ ეფარა” – თვითმხილველები ბათუმში მუშის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ​

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებზე თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” საუბრობენ. მათი ვარაუდით, ბაგირი, რომელზეც მუშები იდგნენ და სამღებრო სამუშაოებს ასრულებდნენ, კარგად დამაგრებული არ იყო, რის გამოც გაწყდა და ერთი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ მუშას უსაფრთხოების ჩაფხუტი არ ეკეთა.

“მუშები გარე ფასადს ღებავდნენ, იდგნენ ბაგირზე, რომელიც ჩამოწყდა და ჩამოვარდა, ერთ-ერთმა მუშამ თავის შველა შეძლო, ხოლო მეორე გარდაიცვალა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
“ხმა გავიგე და გარეთ გამოვედი, კაცი ეგდო ძირს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი. შენობიდან გადმოვარდა, თავზე უსაფრთხოებისთვის ქუდი არ ეხურა. არ ვიცი, ვარდნის დროს მოძვრა, თუ საერთოდ არ ეკეთა. ბაგირი იყო ნახევრად მოწყვეტილი. ალბათ, ეგ არ იყო კარგად გამაგრებული”, – იხსენებს “რეგიონულ კვირასთან” მეორე თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის უფროსის, ირაკლი მოქიას თქმით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის.
“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია “გიგერო” აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი მოქია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები