მცხეთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების განახლდება მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: წილკანში, ნიჩბისსა და გალავანში ამბულატორიების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ძირითად მიზანს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს.
როგორც “კვირას” მცხეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, განახლებული წილკნის ამბულატორია უკვე ფუნქციონირებს და პერსონალი გარემონტებულ შენობაში, რომელიც შშმ პირთათვისაც ადაპტირებულია, პაციენტებს სრულად უწევს მომსახურებას.
“შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “საგზაო 333” აწარმოებდა, რომლის ჯამურმა თანხამ 75 973 ლარი შეადგინა.
ნიჩბისის ამბულატორიის მშენებლობა კი აქტიურად მიმდინარეობს და მალე სოფლის მოსახლეობას რეაბილიტირებული, განახლებული სამედიცინო შენობა ექნება.
გალავანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დასრულებულია შენობის შიდა პერიმეტრი და მისი დასუფთავება მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “მეტალ +” აშენებს.
ამბულატორიებისთვის გამოყოფილმა ჯამურმა თანხამ 226 299 ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტში არსებულ ამბულატორიების რიცხვს სამი რეაბილიტირებული შენობა შეემატება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კვალიფიცირებული ექიმები და ექთნები გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას”,-ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები