აკაკი ზოიძე: “ნაციონალების” პარტიულ ტელევიზიაში ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას

“ნაციონალების” პარტიულ ტელევიზიაში ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, მეუფე იაკობის გამონათქვამებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

მისი თქმით, პატრიარქს უპირისპირდებიან ისინი, ვისაც არ სურს, რომ საქართველოში რაიმე ავტორიტეტი და ინსტიტუცია არსებობდეს.

“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რაც სინოდის სხდომაზე მოხდა, ასევე, ნაციონალების პარტიულ ტელევიზიაში გუშინ ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას. არაფერი გამოსაძიებელი აქ არ დარჩა. პატრიარქს უპირისპირდებიან ისინი, ვისაც არ სურს, რომ საქართველოში რაიმე ავტორიტეტი და ინსტიტუცია არსებობდეს. ეს კი არის საქართველოს გარე თუ შინა მტრების ერთადერთი ამოცანა. გათვლა მარტივია, თუ ამომრჩეველს ყველაფრის ნდობას დააკარგვინებ, გაცილებით ადვილია, საკუთარი დღის წესრიგი მოახვიო თავს. გუშინ განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რა მიზანი აქვს და რა სცენარს ამუშავებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დანაყოფებიანად. ასე რომ, კითხვაზე, ვინ ცდილობს პატრიარქის დისკრედიტაციას, ჩვენთვის პასუხი გაცემულია“, – განაცხადა ზოიძემ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში ბოდბელი ეპისკოპოსი უნდა გამოიკითხოს, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები