“სამუშაოდ რუსეთში მივდივართ“ – ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საძელიდან

ახალციხის სოფელ საძელს სულ უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს. ამის მიზეზად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებენ. სოფელი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით კომპაქტურად არის დასახლებული, ამიტომ ადგილობრივების უმეტესობამ სახელმწიფო ენა არ იცის.
სოფლის ცენტრში მამაკაცების თავშეყრის ადგილია. საძელის მოსახლეობის ერთადერთი თავშესაქცევი კაკლის ხის ძირში, პოლიტიკაზე, რუსეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრებისა და სოფლის პრობემებზე საუბარია. არდაშ სოგომონიანს აქვე, სოფლის „ბირჟაზე“ შევხვდით. პენსიონერი მამაკაცი წუხს, რომ საძელში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
„ადრე აქ 250 კომლი ცხოვრობდა, ახლა 100 ოჯახი დავრჩით. ის რაც გლეხს სჭირდება ახალგაზრდები ვერ იღებენ, ამიტომ სამუშოდ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან“,- ამბობს არდაშ სოგომონიანი.
მიგრაცია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამას მოსახლეობის საყოველთაოდ აღწერის შედეგებიც აჩვენებს. თუ 2002 წელს სოფელში 607 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა- 381 კაცი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები სოფლიდან უმუშევრობას გაურბიან.

ემიგრანტთა რიგებს 19 წლის გრიგორ ამბარცუმიანიც მალე შეუერთდება. ის მოსკოვში წასასვლელად ემზადება, სადაც ბიძა ელოდება. როგორც თავად გვიხსნის, რუსეთში სამსახური რომ მარტივად მოძებნოს, მინიმუმ, 25 წლის უნდა იყოს. მანამდე კი ისევ სოფელში, ერთფეროვან ცხოვრებას აგრძელებს.
„სოფელში ახალგაზრდები ვინც ვართ, მათგან მხოლოდ მე ვმუშაობ სამშენებლო საქმეზე. გასართობიც არაფერია, რომ საღამოს გამოვიდეთ გარეთ“,- ამბობს გრიგორ ამბარცუმიანი.
პრობლემა, რომელიც საძელის მოსახლებას არ აწუხებს, გზაა. სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია, თუმცა მასზე სამუშაოდ ტაქსმა რომ იაროს, ეს ყველა ადგილობრივის სურვილია. ბოლო ორი წელია საძელში ქალაქთან დამაკავშირებელი ავტობუსი აღარ დადის. მოსახლეობამ მისი დანიშვნა რამდენჯერმე მოითხოვა.
„რომ გავიგებ სამეზობლოში ვინმემ მანქანა დაქოქა და ქალაქში მიდის, მაშინვე ვაჩერებ და ვთხოვ ჩვენც გაგვიყოლოს. ასე გაგვაქვს თავი ხალხის იმ კატეგორიას, ვისაც საკუთარი მანქანები არ გვყავს“,- გვიყვებიან ადგილობრივები.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მათ კომპეტენციაში მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება შედის. თვითმართველობაში გვითხრეს, რომ საძელს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვთ. ამ ეტაპზე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, შიდა გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„მოსახლეობამ თავად აირჩია შიდა გზების პრობლემის მოგვარება. წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება, ამიტომ ამასთან დაკავშირებით სამუშაოები არ იგეგმება“,- განაცხადეს ახალციხის მერიის პრესსამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები