„ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფეს ჩამოსვლას“ – პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველზე

ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში გვიან ღამით მივიდა, სადაც სასულიერო პირები და მრევლი ელოდებოდა. ყოფილი ეპისკოპოსის თქმით, არ უნდა იყვნენ ფარისევლები და შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთონ.
,,არაერთგზის მითქვამს, როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე ვეუბნებოდი და ვეუბნები როგორ ყვარებიხარ ღმერთს ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა – მეუფე, არ მინდა ასეთი სიყვარული და შევეცადე უფრო გაძლერებულიყო რწენაში. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს – განსაცდელებს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული. ღმერთს ვთხოვ რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა,”- განაცხადა ყოფილმა მღვდელმთავარმა.

კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, მან ასე უპასუხა:
“მთავარია, ჩვენს ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ, უსამართლობას და უწიგნურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ და უსამართლობა სამართლით, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიაში დანიშნულ ახალ მეუფეს, პეტრე ცაავა ამბობს, რომ მას მეუფე გრიგოლი ებრალება.
,,მე ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მას მძიმე ჯვარი შეხვდა. როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის საქმე დაიწყო, როდესაც იყო მცდელობა ეპარქიიდან გადავეყვანე და ცვლილება უნდა მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან-რეფერანტი სთავაზობდა ჭყონდიდის ეპარქიას სინოდამდე. აქედან გამომდინარე არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ის იყო ჩემთან ივნისის თვეში პატრიარქის მიერ, როგორც ორიგინალური წარმომადგენელი და მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ მდგონარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე და მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა, მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მე რასაც ვამბობ, ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად, ყველაფერი ეს რომ აღმოჩნდეს მართალი, მერე რას იტყვი – მახსოვს ესე რუსულად მიპასუხა – “ნადა პაკრივატ ატცა”.
კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა, უსამართლობა, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი,”- განაცხადა მან.
მისივე თქმით, მას
პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რასაც სატელევიზიო ეთერებში ილია მეორეს მისამართით ამბობდა, არა შეურაცხყოფა, არამედ მისი გულისტკივილი იყო.
„მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი და მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად, სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. მესამე წელია, რაც ციანიდით უდანაშულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა.შეიძლება სინოდის ჩანიშნონ, შეიძლება იმსჯელონ, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სინოდი ჩაინიშნა, მე წინა დღეს შემატყობინეს ანუ გუშინწინ საღამოს. მით უმეტეს, თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელმთავრებმა ჩამოსვლა. სინოდის ჩანიშვნა იყო უკვე არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე ჩანიშვნა და განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაიფარა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილისმომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვეტ და გაიგებთ თქვენც,”- განაცხადა მან.
პეტრე ცაავა სასულიერო პირებს შეცდომების არ დაშვებისკენ და განსაცდელის ღირსეულად გადატანისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი აღავლინეს სასულიერო პირებმა. ისინი აქ შეკრებილ მრევლთან ერთად აცხადებენ, რომ ყოფილ ეპისკოპოსს მხარდაჭერას უცხადებენ, სინოდის გადაწყვეტილებას კი ქვეყნისთვის და ეპარქიისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.
ჭყონდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ გადააყენეს. მას ასევე აეკრძალა მღვდელმსახურება. ყოფილი ეპისკოპოსის თქმით, მიზეზი ეკლესიაში “მამათმავლობის მხილებაა”. სასულიერო პირი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა.
საპატრიარქომ სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია პატრიარქის სიტყვები, რომ არასდროს უფიქრია ვინმეს დასჯა, და რომ საკუთარი ქმედებებით მრევლი არ უნდა დააბრკოლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები