მეუფე გრიგოლი: იმედს მაქვს, კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან გადაწყვეტილების სისწორეში 

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ამავე ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები იკრიბებიან. ისინი წმინდა სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი, სინოდის გადაწყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს და განმარტავს, რომ მღვდელთმთავრის გადაყენების საკითხი წინასწარ უნდა განხილულიყო.

“მე ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, წინ უნდა უძღოდეს მეტი ინფორმაციის მოძიება და მოსამზადებელი სამუშაოები. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჰყავს გარეთა და შიდა მტერი და როდესაც უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმია, მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენს ქვეყანას, როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში, მოუხდებოდა ძალიან ღრმად დაფიქრებული მიდგომა. კარგი იქნებოდა, წინდაწინ გვემსჯელა და განგვეხილა ამ საკითხის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, რათა ნებსით თუ უნებლიეთ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. იმედი მაქვს, კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები