“საპარტნიორო ფონდი”: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, ერთგვარი გარანტია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა

“მივესალმებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, საქართველოს ამ უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლისთვის, რეგიონში ინვესტიციების ზრდისთვის, ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ზოგადად, იმერეთის მხარის ეკონომიკის გაძლიერებისთვის”,-ასე გამოეხმაურა “საპარტნიორო ფონდი” სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის წყალტუბოს რეაბილიტაციას იწყებს. როგორც მათი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ივანიშვილის გადაწყვეტილება გარანტია იმისა, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა.
“წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფცია “საპარტნიორო ფონდმა” 2015 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl&Partner-თან ერთად, კურორტის შესაძლებლობების კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. “საპარტნიორო ფონდის” მხრიდან, პროექტის პრეზენტაცია 2015 წელსვე, საფრანგეთის ქალაქ კანში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე (MIPIM) გაიმართა. შემდგომში მისი პრეზენტაცია არაერთ ბიზნეს ფორუმსა და გამოფენაზე შედგა. ამას გარდა, ასევე, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში შეთავაზებული იყო, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. თუმცა, ამ მასშტაბური პროექტის სრულფასოვნად განსახორციებლად ვერ მოხერხდა მსხვილი ინვესტორის მოზიდვა. მათი მხრიდან ინტერესი გამოხატული იყო, მხოლოდ კონკრეტული სანატორიუმების ან სასტუმროების მიმართულებით. რაც მთელი კურორტის განვითარების კონცეფციის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და წყალტუბოს კურორტის განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იყო მოკლებული.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, არის ერთგვარი გარანტი, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა და წყალტუბო, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტი თავისი ტრადიციულ ფუნქციის აღდგენასთან ერთად, გახდება რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით”,-წერია “საპარტნიორო ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
​შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები