არჩილ თალაკვაძე: შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩვენი პოზიცია და მოსაზრებები წარვუდგინეთ

შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან ერთად შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენი პოზიცია და მოსაზრებები წარვუდგინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

თალაკვაძემ, მომავალში შეწყალების გადაწყვეტილებების მიღებისას გასათვალისწინებელი პრინციპების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა.

“შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან ერთად შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენი პოზიცია და მოსაზრებები წარვუდგინეთ, თუ რა პრინციპების გათვალისწინება იქნება მნიშვნელოვანი შეწყალების გადაწყვეტილებების მიღებისას მომავალში:

საჭიროა გათვალისწინებული იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით; გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან; სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირების შეწყალება; არ უნდა მოხდეს პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებულის შეწყალება; შეწყალება სასურველია იყოს საგამონაკლისო წესით გამოყენებული“, – წერს თალაკვაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიური იყო.

“პოზიტიური შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განახლებულ ბრძანებულებას გამოსცემს, რომელშიც ჩვენი პოზიცია იქნება გათვალისწინებული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს კონსულტაციისთვის ამ საკითხზე. ჩვენ ვიმუშავეთ და ჩვენი პოზიცია წარვუდგინეთ”,– წერს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები