ადვოკატი: მეუფე იაკობის განცხადებამ პირდაპირ გაამართლა ჩვენი პოზიცია, რომ ე.წ. ციანიდის საქმე გარკვეული ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული
გამოძიება ვალდებულია, ყველა ის პირი, რომელიც მეუფე იაკობმა დაასახელა, დაიბარონ და დაკითხონ, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რამიშვილი მეუფე იაკობის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება იმას, მჯერა, თუ არ მჯერა მეუფე იაკობის განცხადებების: პირველ რიგში ნებისმიერი სასულიერო პირის ყველა სიტყვა წესით და სჯულის კანონით, კანონიკური სამართლის თანახმად, უნდა იყოს სიმართლე. სასულიერო პირს უფლება არ აქვს, სიცრუე თქვას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იაკობი ბრალდების მხარე იყო, ბრალდებას და გამოძიებას გამოყოფილი აქვს საქმე თანამონაწილეების დასადგენად აღნიშნულ საქმეში, ადამიანი პირდაპირ აცხადებს, გვარებს ასახელებს, გამოძიება თუ ეძებს თანამონაწილეებს, თუ ასეთი დანაშაული მართლა ორგანიზებით ხდებოდა და უნდა შესრულებულიყო, მაშინ გამოძიება ვალდებულია, ყველა ის პირი, რომელიც მეუფე იაკობმა დაასახელა დაიბარონ და დაკითხონ. ადამიანი, რომელიც მთელი 2 წლის განმავლობაში, თურმე, ამხელა მტკიცებულებების მფლობელი იყო და არ მიაწოდა გამოძიებას ეს ინფორმაცია და საჯაროდ აცხადებს, ამაზე როცა არ ხდება რეაგირება, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ სიმართლესთან ძალიან ახლოსაა ეს ყველაფერი.
გამოძიების დაწყება აუცილებელი და სავალდებულოა. როგორც აღვნიშნე, საქმე გამოყოფილია და დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს თანამონაწილეების დასადგენად, შესაბამისად ასეთი მაღალი სასულიერო თანამდებობის პირი როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, სავალდებულოა გამოძიების დაწყება.
მეუფე იაკობის განცხადებამ პირდაპირ გაამართლა ჩვენი პოზიცია, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ე.წ. ციანიდის საქმე იყო გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებული, გარკვეული პირების მიერ დაგეგმილი , როგორც სასულიერო პირების, ასევე საერო პირების მიერ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თამუნა შეყილაძე