ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე – “სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს”
წყალტუბოს განვითარების პროექტზე სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.
სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.
წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.
საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.