სემეკ-მა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთი თვე მისცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
სემეკის ინფორმაციით,2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით წარმოებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის შედეგად შემოწმდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელზე გაწეული კომუნალური სერვისების პროცესი.
დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრისა და ტექსტური შეტყობინების შინაარსის/მიღების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.
როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, კვლევების შედეგად გადამოწმდა წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და მათი აღმოფხვრის მიზნით სემეკ-ის მიერ კომპანიებისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი.
ანგარიშის შედეგებით დასტურდება, რომ კომპანიებმა ნაწილობრივ გამოასწორეს წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევები. ახალი და განმეორებითი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს სემეკ-მა ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა.