წყალი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება – უნიკალური მოვლენა სოფელ ძიმითში (ვიდეო)
გურიაში, სოფელ ძიმითში, ყველა მიგასწავლით ადგილს, სადაც მიწიდან ბუნებრივად ამომავალ წყალს, ცეცხლი ეკიდება. ამ ადგილს ბევრი ადამიანი მხოლოდ იმისთვის სტუმრობს , რომ ნახოს, როგორ ეკიდება წყალს ცეცხლი, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი უნიკალური თვისებების შესახებ.
როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ყვებიან, წყალი, რომელიც დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს, 30-40 წლის წინ აღმოაჩინეს და ის სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
იური გვარჯალაძე ამბობს, რომ წყალს ბევრი კარგი თვისება აქვს, შველის რადიკულიტს და სხვადასხვა დაავადებებს. ყოფილა შემთხვევა, ჯოხით მოსულა ადამიანი, მიუღია ამ წყლის აბაზანა და სრულიად ჯანმრთელი წასულა სახლში.
მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს, არც წყლის სინჯი აუღია ვინმეს და მისასვლელი გზაც მოუწესრიგებელია.
“აქამდე მოსასვლელ გზას ყურადღება სჭირდება, ძალიან დაზიანებულია. ეს გოგირდის წყალია და როგორც ამბობენ, ძალიან სასარგებლოა. კარგი იქნება თუ გადაიხურება და აბაზანა დაიდგმება. ეს წყალი დაახლოებით 30-40 წელია მოდის. საოცარი თვისება აქვს, ცეცხლი ეკიდება. არავინ მოსულა რომ მიეხედა ამ ადგილისთვის და ისევ მოსახლეობამ დააბეტონა. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი, განსაკუთრებით მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. თუ მიექცევა ყურადღება ძალიან კარგი იქნება,”– ამბობს იური გვარჯალაძე.
ადგილობრივი რომან სალუქვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აღნიშული წყლის სამკურნალო თვისებებში არაერთხელ დარწმუნდა. როგორც ის ამბობს, ბევრი ადამიანი უნახავს, რომელიც გოგირდის, ცეცხლმდინარე წყლის აბაზანის შემდეგ განკურნებულა.
“ძირითადად ამ წყალს მარილებისთვის იყენებენ, ბავშვებისთვის არის კარგი. ეს წყალი 40 წელია ასეა. ამისთვის სინჯი არავის გაუკეთებია. დადგენილი არ არის რა წყალია. მხოლოდ ის ვიცით , რომ გოგირდიანი წყალია, რომელსაც ცეცხლი ეკიდება. ძალიან ბევრი ხალხი დადის. მეზობელი სოფლიდან მოიყვანეს ადამიანი, ტრანსპორტით. ვერ დადიოდა და მეხუთე აბაზანის მიღების შემდეგ გაიარა. მე თვითონ ვარ ამის მნახველი. ამ წყალს პატრონი უნდა. საიდან არ ჩამოდიან და ყველა კმაყოფილია. სირცხვილია, რომ ასეთი მდგომარეობაა ირგვლივ, “– გვიყვება სალუქვაძე.
ადგილი, რომელიც უამრავ ადამიანს, თავისი უჩვეულობით იზიდავს, საოცრად დაბინძურებულია, წყალი ნაგვიითაა სავსე და მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს.
იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ წყალს ცეცხლი მოუკიდოს და ფოტოები გადაიღოს, ადგილს საკვების ნარჩენებით და ნაგვით ავსებს. შემდეგ კი ასე დაბინძურებულს ტოვებს. სწორედ ამიტომ, ეს უნიკალური ადგილი უბრალო ნაგავსაყრელადაა ქცეული და მისი სამკურნალო თვისებების შესახებაც ბევრისთვის უცნობია.