მამუკა მდინარაძე: ჩუგოშვილს და მდინარაძეს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პოზიცია
კი გვაბრალებენ ხოლმე საერთო მესიჯბოქსს, მაგრამ ასე არ არის. ერთ ხაზში არ ვზივართ, ჩუგოშვილს და მდინარაძეს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პოზიცია, – ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი“ გაკეთებულ განცხადებას.
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება და მყარი მხარდაჭერა ექნება. აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პრორუსულ ძალებთან და “ნაციონალური მოძრაობის” ვერცერთ შტოსთან ვერ ითანამშრომლებს.
“ასე რომ არ იყოს, მე კონკრეტულ ძალებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვთქვით, რომ პრორუსულ ძალებთან და “ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ შტოსთან ვერ ვითანამშრომლებთ. დანარჩენი მომავლის საქმეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერცერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით“.