„ქართული საეკლესიო გალობა – ტრადიცია და შემსრულებლობა“ – საჯარო ლექცია გაიმართება

29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმში ჩატარდება მაგდა სუხიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – „ქართული საეკლესიო გალობა – ტრადიცია და შემსრულებლობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციაზე საუბარი იქნება სხვადასხვა ეპოქის ქართულ სამგალობლო სკოლებზე, რომელთა წიაღშიც აღმოცენდა და განვითარდა ქართული მრავალსაუკუნოვანი სამგალობლო კულტურა; განიხილება ნევმირებული ხელნაწერები და მათში დადასტურებული ანდერძ-მინაწერები, რომლებიც სამგალობლო ტრადიციების ხანდაზმულობასა და უწყვეტობაზე მიუთითებს. მრავალხმიანი ქართული საეკლესიო გალობის შემსრულებლობის საკითხები გაშუქდება ავთენტიკურ წყაროებზე დაყრდნობით.
მაგდა სუხიაშვილი – თბილისის სახლმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წევრი. 2001 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია და სხვ.) კითხულობს ლექციებს ქართული და ქრისტიანული აღმოსავლეთის სამგალობლო კულტურის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები