პრემიერ-მინისტრი: ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა
ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, პირველ რიგში, ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ ზუგდიდში ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
რაც შეეხება საკითხს, რჩება თუ არა, „კონტი ჯგუფი“ პროექტის რეგისტრირებულ აუქციონერად, გახარია ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და ეს თავად „კონტი ჯგუფისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადასაწყვეტია.
„გეუბნებით ოფიციალურად, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა გახარიამ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.
მოგვიანებით, განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს “ანაკლიის კონსორციუმიდან” გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.