საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 25.62 მილიარდი ლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ოქტომბრისთვის 279.69 მლნ ლარით გაიზარდა და 25.62 მლრდ ლარი შეადგინა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.60 მლნ ლარით, ანუ 0.05%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.13 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 274.09 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.78 პროცენტით) გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 36.29% შეადგინა. რაც შეეხება, ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამ მაჩვენებელმა 5.07% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.68%.