კიდევ 17 ფილმი – „გოსფილმოფონდიდან“ ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება

 რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორის არის ფილმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

„მათი სამეფო“ (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
„ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
„გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
„ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
„გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
„იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
„ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
„ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
„ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
„საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
„მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე;

სამინისტროს ინფორმაციით, „მონანიების“ ჩვენებას ორი წელია, ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. ფილმის დაბრუნება კი მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას იძლევა.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.
„გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ფილმების დაბრუნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები