თეა წულუკიანი: საქართველო დამნაშავეების თავშესაფარი არ არის
საქართველო დამნაშავეების თავშესაფარი არ არის, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხს.
მისივე თქმით, სტრასბურგი არ თვლის, რომ სუმბაევი შესაძლოა, რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებაროს.
“ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე. სტრასბურგის სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. ყველამ იცოდეს, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეც, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო თავშესაფარი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის. ეს ვერ იქნება ოაზისი, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას”, – განმარტა წულუკიანმა.
ცნობისათვის, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ედება.
ამავე დროს, “ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აქვს კავშირი.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.
იაროსლავ სუმბაევის ექსტადიციას ქართულმა მხარემ თანხმობა უკვე მისცა.