შეღავათი მცირე ჰესებს – სამშენებლო გარანტიები ერთ მეგავატზე 100 ათასიდან 10 ათას დოლარამდე მცირდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მცირე ჰესებისათვის სამშენებლო გარანტიების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
თურნავას განმარტებით, თუ აქამდე ერთ მეგავატზე ინვესტორისგან 100 ათასი დოლარის გარანტია იყო საჭირო, ახლა ეს მონაცემი 10 ათას დოლარამდე მცირდება.
„მცირე ჰესების ინვესტორებს, რომლებიც სახელმწიფოსგან არ მოითხოვენ გარანტირებულ შესყიდვას სამშენებლო გარანტიები შეუმცირდებათ. აქამდე ეს მოთხოვნა ერთ მეგავატზე 100 ათასი დოლარი იყო. ვინც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა 10-ჯერ შეუმცირდება“, – აცხადებს თურნავა.
მისი თქმით, მთავრობის ეს შეთავაზება ინვესტორებს რესურსების დაახლოებით 10 %-ს გამოუნთავისუფლებს და საშუალება ექნებათ ეს რესურსი სწრაფ მშენებლობას და მცირე სადგურების განვითარებას მოახმარონ. თურნავას განმარტებით,ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისათვის, რამაც სტიმული უნდა მისცეს კონკურენციის გაჩენას და ჰიდროელექტროსადგურების სწრაფ მშენებლობას.