აკაკი ზოიძე: ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების

0

ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

ზოიძის თქმით, ვინც ამ თემაზე ქილიკობს, ის მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას.

“ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების, ან უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას „დედამიწის ფილტვებად წოდებულ ამაზონის ტყეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა, არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ბერას, როგორც მუსიკოსს და ქველმოქმედს, თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში, ისევე, როგორც მის კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხოლო კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის? უბრალოდ სირცხვილია. 3 მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება გრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეხსენების გარეშეც კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას მილიონ 100 ათასი დოლარი შესწირა. „ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ“, – ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი და სურს, დაეხმაროს თავის ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც როგორც ბერა ივანიშვილი ამბობს, – „ჩვენსა და კატასტროფას შორის დგანან.

“იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმაც ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით ოჯახის წევრივით, მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო, გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო მილიონ ასი ათასი დოლარი, რაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც არის აქ. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ“, – ამბობს ბერა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი