მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, უმუშევრობის კომპენსაცია, შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა, – „ლეიბორისტების“ მოთხოვნები შრომით უფლებებთან დაკავშირებით

მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, უმუშევრობის კომპენსაცია, შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა, – ეს მოთხოვნები „ლეიბორისტულ პარტიას“ შრომით უფლებების დაცვის სფეროსთან დაკავშირებით აქვს.

შრომით უფლებებსა და შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის ერთერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

„ჩვენი პარტია თვლის, რომ საქართველოში მონური შრომის ეპოქა უნდა დასრულდეს და ამას, სამწუხაროდ, არანაირად არ გამოიწვევს არსებული ფორმით წარმოდგენილი შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი. საქმე ისაა, რომ ივანიშვილის „ოცნება“, ცდილობს, იმიტაცია განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ამ კუთხითაც კი არ ემეტება ის დამატებით 5 თუ 10 % საკუთარი, თუ მათი კლანის წარმომადგენლების ბიზნესის ზემოგების დანაკარგისა, რომელიც სახეზეა.

აუცილებელია, განისაზღვროს ზედა ზღვარი და 48 საათი კი არა, 40 საათიც შეიძლება იყოს კვირაში დასაქმების მაქსიმალური დრო. უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასიც, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს სულ მცირე 600 ლარი. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა სავალდებულოა, რათა შემდგომში საათების ლიმიტირებამ არ განაპირობოს დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირება. ეს ბიზნესს არანაირ სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში არაკონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესში. აქედან გამომდინარე აუცილებელია, კიდევ უფრო ადეკვატურად გამკაცრდეს და სხვა ტიპის ცვლილებები იქნას შეტანილი შრომის კანონმდებლობაში. ასევე აუცილებელია უმუშევრობის კომპენსაციის განსაზღვრა, სულ მცირე 200 ლარის ოდენობით, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დონე უმძიმესია, ასევე შრომის ინსპექცია უნდა იყოს ადეკვატური მოცულობით და შესაძლებლობით წარმოდგენილი, რასაც ეს პროექტი არ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე გაათმაგდეს შრომის ინსპექტორთა რაოდენობა, ამისათვის, კი ათჯერ მეტი სახსრები იყოს შესაბამისი მიმართულებით გამოყენებული.
დღის წესრიგში საათობრივი ანაზღაურების საკითხიც უნდა დადგეს. მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ადამიანებს საშუალებას მისცემს , ჯამურად მიიღონ ის ელემენტარული შემოსავალი , რომელიც ნორმალურ , ადამიანურ არსებობასთან იქნება შესაბამისობაში. სულ მცირე 15-ლარიანი საათობრივი ანაზღაურება შეიძლება იყოს ის ზღვარი, რომელიც უნდა დაწესდეს. ამან შეიძლება განაპირობოს ის გარემოება, რომ ადამიანი შიმშილის მსხვერპლი არ იყოს.“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.
შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.
„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები