ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს.
“კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას.
როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.