ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია

0

ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.

“ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლებთ ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას, კერძოდ ვიცე-პრემიერს, რომელიც დღეს ეწვევა არა მარტო ანაკლიის, არამედ სხვა ნავსადგურებსაც, ანაკლიაში მას ჩვენი ჯგუფი დახვდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი და მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის. ინტერესი არის სხვადასხვა ჯგუფის მხრიდანაც“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, დელეგაციები ანაკლიას ხშირად სტუმრობენ.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას. ორი კვირის წინ იმყოფებოდა იაპონური დელეგაცია, ასევე ჩამოსული იყო შვედეთის დელეგაცია, წინა კვირას იყო ნატო-ს დელეგაცია და ა.შ. არის ინტერესი და ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს, რათა გამოვნახოთ ინტერესთა გადაკვეთის პუნქტები. უახლოეს დროში იქნება შეხვედრა სამინისტროსთანაც, დავაყენებთ იმ გადასაჭრელ საკითხებს, რომლებიც დღის წესრიგში დგას და ვეცდებით, ერთობლივი ძალებით გამოვნახოთ გამოსავალი.

კონსორციუმს პრაქტიკულად ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ურთიერთობა აქვს “აზიის განვითარების ბანკთან” (ADB) და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან”, მიმდინარეობს ინფორმაციის მუდმივი გაცვლა”, – განმარტა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი