ნათია თურნავა: თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” რეალურ ბრენდად იქცა

0

საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენ დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი უკვე განახლებული აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმი წელს მესამედ ტარდება დედაქალაქში და მისდამი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

“თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს, ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. როგორც იცით, ჩამოსულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყანას საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის, საინფორმაციო ნაკადებისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ხდება თბილისში და ეს არის მესამე ფორუმი, რომელსაც წელს ვმასპინძლობთ და რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

“ყოველივე ეს მოწმობს, რომ ფორუმი წარმატებულია”, – დასძინა ნათია თურნავამ.

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო “აბრეშუმის გზის ფორუმმა”, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცეპრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 200-ზე მეტი B2B შეხვედრა გაიმართება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემებზე.

კომენტარები

კომენტარი