მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების პროექტს კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება

ანაკლიის განვითარების პროექტს კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის “მინისტრის საათისა“ და სხვა ფორმატებში, პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.

“არაერთი დებატი, ღია ეთერი, განცხადება მქონდა ანაკლისის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვიჭირს ანაკლიის პროექტზე ღია და საჯარო საუბარი. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან,“ – განმარტა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ღიად საუბრისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები