სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ იაპონიასთან
საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ იაპონიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იაპონური გამოცემა “კიოდო ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტი იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას იაპონური გამოცემა “კიოდო ნიუსი“.
როგორც მედიასაშუალება წერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისწრაფვის იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისკენ მომავალში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით.
“ბოლო წლებში საქართველო მუმდივად ვითარდება და ახლა ჩვენ გვაქვს საკმაოდ იმედისმომცემი მდებარეობა ევროკავშირსა და აზიას შორის, რადგან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან და საკმაოდ მალე ინდოეთთანაც. ასე რომ, ჩვენ წარმოვადგენთ ჰაბს და ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იაპონიასთან“, – განაცხადა “კიოდო ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა.
გამოცემა წერს, რომ ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველო და იაპონია მიმდინარე წელს საინვესტიციო შეთანხმებას გააფორმებენ, რითაც გზას გაუხსნიან უფრო ფართო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებს. იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაზე დასასწრებად იაპონიაში მყოფმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იაპონიის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა და ხელოვნური ინეტელექტი, მას მიმზიდველ პარტნიორად აქცევს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
წყარო: პირველი არხი