რატი იონათამიშვილი: უფრაქციო დეპუტატად ყოფნა შოუს წამყვანად ქცევას არ ნიშნავს

0

“ცხადია, უფრაციო დეპუტატებს უფლება აქვთ ის პირები მოიწვიონ, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პარლამენტში დაბარებას.

იონათამიშვილის შეფასებით, უფრაქციო დეპუტატები შოუს დადგმას ცდილობენ.

“ცხადია, უფრაქციო დეპუტატებს აქვთ უფლება მოიწვიონ ის პირები, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან და მოიწვიონ იმ თემაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვლიან. მაგრამ იმ განცხადების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ შემთხვევაში გაკეთდა, ვფიქრობ, რომ კომპეტენციის არევასთან გვაქვს საქმე. უფრაქციო დეპუტატად ყოფნა არ ნიშნავს შოუს წამყვანად ქცევას,”- აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ.

კომენტარები

კომენტარი