ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში ისლანდიის ელჩი მიიღო

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ისლანდიის ელჩი (რეზიდენციით რეიკიავიკი) ბენედიქტ ასგეირსონი მიიღო.

მხარეებმა საქართველო-ისლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესი – საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ქვეყანას მაქსიმალურად აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, კერძოდ კი, განახლებადი ენერგიის და თევზჭერის მიმართულებაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც დამატებით პოტენციალს/იმპულს მისცემს ეკონომიკური დარგის შემდგომ გაღრმავებას.

მრავალმხრივი თანამშრომლობის კუთხით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) მნიშვნელობაზე და საქართველოს ინტერესზე მონაწილეობა მიიღოს/ჩართული იყოს ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმატში.
ელჩის განცხადებით, ისლანდია უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ისლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი