სოფელ ჩოხში მწერლისა და რეჟისორის – გოდერძი ჩოხელის მუზეუმი აშენდა

0

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულებამ 397 000 ლარი შეადგინა.
ახლად აშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს.
„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც, მჯერა, თითოეული ქართველი გაახარა. გოდერძი გამორჩეული პიროვნება იყო. მან საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში. მოხარული და განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის, გუდამაყრის შვილია“, – აღნიშნა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი