სოფელ რუხში “ხაჭაპურის ფესტივალი” იმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ, პირველად სამეგრელოში, “ხაჭაპურის ფესტივალი” იმართება.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნების პრეზენტაცია.

გარდა ამისა, სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიის და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლებათ.

ფესტივალის ფარგლებში მომზადდება ყველა სახის ხაჭაპური. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი ნაწარმის დეგუსტაცია; გასტრონომიის ასოციაციის მიერ UNESCO-ში წარდგენილი ხაჭაპურის პროექტი და ხაჭაპურის ისტორია; ეთნო და ფოლკლორული მუსიკა; გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის; ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა.).

“ხაჭაპურის ფესტივალი” წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი “ზრდას”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთან ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით და სხვადასხვა ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები