ვახტანგ გომელაური: სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს
„უკანონო ქმედებებს ისევ და ისევ აგრძელებს რუსული და ოსური მხარე, ეს ერთი და იგივეა ჩემთვის”,-ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სოფელ ატოცთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს და სიტუაცია კონტროლირებადია.
“ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზეერთი თვის წინ რაც დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და რკინის ცხაურების დაკვრა დაიწყეს. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. იყო გუშინ გუშინწინ განცხადებები, თითქოს ჩვენი სპეცდანიშნულების რაღაც ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ, რაც აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფების გადასვლას არ აპირებდნენ არ ცდილობდნენ. პირიქით მათ რამდენიმე ხნის წინ დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს. დღევანდელ ქმედებებზე უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა საქმის კურსში ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ გააგრძელეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვაკონტროლებთ სრულად სიტუაციას“, – განაცხადა გომელაურმა.