ხონის სახალხო სასულე ორკესტრის 129- წლიანი ისტორია და 13 წლის მესაყვირე გოგონა

ხონის სახალხო სასულე ორკესტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში და ის  არსებობის 129 წელს ითვლის. ორკესტრმა მრავალჯერ გაართვა თავი ხელოვნების დახლართულ ლაბირინთს და გამარჯვების ჯილდოებით და ოთხგზის ლაურეატის წოდებით დღემდე მოაღწია.

დასავლეთ საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი დაბა ხონში 1890 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც სამასწავლებლო სემინარის მოსწავლეთათვის შეიქმნა.ორკესტრმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა.

ამჟამად ორსკესტრი დაკომპლექტებულია,  როგორც უფროსი ასაკის პროფესიონალებით , ასევე სხვადასხვა თაობის წევრებით.

როგორც ორკესტრის ხელმძღვანელი ოლეგ სანაია “რეგიონულ კვირას“ უყვება ორკესტრში ის 1981 წელს მივიდა და უკვე ათი წელია რაც მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა.

“ორკესტრში მოვედი 1981წელს, მანამდე ვსწავლობდი ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელში,შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს.როგორც კი ჩამოვედი ,აქ მოვედი,მამაჩემიც აქ უკრავდა.ათი წელია რაც ორკესტრს ვხელმძღვანელობ.არის ახალგაზრდების დაინტერესება,ასევე ორკესტრში გვყავს ერთადერთი გოგო ,რომლის ძმაც სწავლობდა აქ და მას დაჰყვებოდა.ახლა კი ორკესტრის სოლისტია.ძირითადი დასაყრდენი ახალგაზრდები გვყავს და უფროსი თაობა ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ.პრობლემას ფინანსებიც წარმოადგენს, დაბალია ხელფასები,ადგილობრივ თვითმმართველობას რა ბიუჯეტიც აქვს გვეხმარებიან,“-ამბობს ოლეგ სანაია.

ხონის სახალხო სასულე ორკესტრში ყველაზე პატარა და ერთადერთი გოგონა, 13 წლის ბარბარე კერესელიძე ამბობს, რომ მისთვის ორკესტრში ყოფნა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.

“ექვსი წლის წინ მოვედი ამ დარბაზში,ჩემს ძმას დავყვებოდი რეპეტიციებზე ,შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც მესწავლა.ბატონ ოლეგთან შემოვედი საყვირზე და უკვე მეექვსე წელია ვაგრძელებ ამ საქმიანობას.ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა.აუცილებლობა არის იმისა ,რომ გააგრძელოს ორკესტრმა მოღვაწეობა, რადგან მას  უკვე 130 წელი უსრულდება და რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება, უკეთესი იქნება რაიონისთვის. კარგია რომ ხონს ყავს ასეთი ორკესტრი,“-ამბობს ბარბარე.

დაბალი დაფინანსების და მცირე ხელფასების მიუხედავად, ორკესტრის წევრები ჩვეული ენთუზიაზმით და საქმისადმი უზომო სიყვარულით აგრძელებენ ორკესტრის 129- წლიანი ისტორიის ღირსეულად წერას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები