ნინო ბურჯანაძე: რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ფრენების აღსადგენად მზად არის და არანაირ დათმობას არ ითხოვს

რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ფრენების აღსადგენად მზად არის, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბურჯანაძის თქმით, გასული კვირის განმავლობაში მოსკოვში შეხვედრები გამართა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

“მინდა, კიდევ ერთხელ ყველას საყურადღებოდ ვთქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად. გუშინ გახმოვანებული განცხადება ფრენების ტექნიკური მომზადების შესახებ კიდევ ერთი გზავნილი იყო. გასული კვირის განმავლობაში მოსკოვში, შეხვედრები გავმართე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე ხაზი გავუსვი ამ საკითხის მნიშვნელობას რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ხელისუფლებაში, მაწუხებს ჩვენი ეკონომიკის და ხალხის მდგომარეობა და ჩემის მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებ პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა აშკარად ვხედავ ხელისუფლების გაუბედაობას და უუნარობას, გადადგას ადეკვატური ნაბიჯი ამ მიმართულებით. რადიკალური ოპოზიციისა, ვერავინ დაგძრახავთ ფრენების აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯის გამო. არც არავინ თქვენგან მოსკოვში არანაირ დათმობას ამისთვის არ ითხოვს! ითხოვენ ნორმალურ, სიტუაციის ადეკვატურ განცხადებას და საქართველოს მხრიდან დაინტერესების გამოხატვას! გადადგით ეს ნაბიჯი! ეს სჭირდება ხალხს და ქართულ ეკონომიკას! საფუძველი მომზადებულია: ახლა თქვენი ერთი ნაბიჯი საკმარისი იქნება ამ საკითხის უსწრაფესად მოსაგვარებლად!“,- წერს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები