„ანატომიური უცნაურობანი“ – თბილისის ისტორიის მუზეუმი გოგა ჯაფარიძის გამოფენას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში,  გოგა ჯაფარიძის გამოფენა „ანატომიური უცნაურობანი“ მიმდინარობს.
გოგა ჯაფარიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გაიარა არტთერაპიის კურსები გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც მონაწილეობდა გამოფენებში.
თანამედროვე სამყაროში სახელოვნებო პროცესები ძალზე სწრაფად ვითარდება და დღეს უფრო აქტუალური ხდება ადამიანურ საწყისებთან დაკავშირებული თემები. თანამედროვე ხელოვნება, სწორედ ამგვარ ,,დაბრუნებაში“ ეძებს პრობლემების გადაჭრის გზებს და იწყებს თავიდან საკუთარი ,,მეს“ შეცნობას.
გოგა ჯაფარიძის პროექტი სურათხატების მეშვეობით აძლევს ავტორს იმის გააზრების საშუალებას, თუ როგორი მსგავსებები და განსხვავებები არსებობს ადამიანის და ცხოველის ანატომიურ აგებულებაში, კერძოდ – თავისა და ტერფების ფორმებში. გამოფენაზე წარმოდგენილ ციკლში ადამიანის სხეული ნაჩვენებია როგორც პოლარობათა ლოკაციური ველი ცხოველურსა და ადამიანურს შორის, სადაც მიმდინარეობს მუდმივი ფსიქოემოციური ბრძოლა-დაპირისპირება ე.წ. „მინდას“ (სურვილებს) და „უნდას“ (მოვალეობებს) შორის.
პროექტი ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ გავიაზროთ, თუ სად გადის ზღვარი და საერთოდ, არსებობს თუ არა ეს ზღვარი თანამედროვე სოციუმში – „გონიერ ცხოველსა“ და „გრძნობიერ-ემოციურ ადამიანს შორის“.
გამოფენაზე წარმოადგენილია ქაღალდის პანოები, გადაუჭიმავი მასშტაბური ტილოები (ე.წ. ზეწრები), ინსტალაციები და ვიდეოარტი. გამოყენებულია შოლკოგრაფიული-სტენსილის ტექნიკა, შერეული ტექნიკა: აკრილი, აეროზოლი, სანთელი, ტილო, ბადე, რკინა, ხე და სპეციფიური განათება.
გამოფენა  30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები