ასოციაცია „ვივაჩეს“ 10 წლის იუბილე და შვეიცარიული UNICEF-ის 60 წელი – საიუბილეო საღამო გაიმართება

28 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ასოციაცია „ვივაჩე“ ჩაატარებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  2019 წელს ასოციაცია „ვივაჩეს“ (შვეიცარია) 10 წელი და UNICEF-ს  შვეიცარიაში 60 წელი შეუსრულდა. ამიტომ ეს იქნება ორმაგი საიუბილეო საღამო.
კონცერტის დროს შემოწირული თანხები გადაეცემა UNICEF-ს საქართველოში და „ვივაჩეს”, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობის მიზნით.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და შვეიცარიელი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები.
კონცერტს დაესწრებიან – შვეიცარიის პარლამენტის პრეზიდენტი მარინა კარობიო გუსკეტი, რომელიც საქართველოში 28 ოქტომბერს შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი და საელჩოს საპატიო სტუმრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ეროვნული საბჭო, როგორც შვეიცარიიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ის აუდიტორიაა, რომელიც დაეხმარება საქველმოქმედო კონცერტს ინვესტიციების მოზიდვაში ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
ასოციაცია „ვივაჩე“ შვეიცარიაში 2009 წელს დაარსდა, ხოლო ამავე სახელწოდების მქონე ფონდი 2015 წელს საქართველოში. ფონდ და ასოციაცია „ვივაჩეს“ ორი ძირითადი მიზანი აქვს: ქართველი, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა და ლტოლვილი, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა. ამ წლების განმავლობაში „ვივაჩეს“ დახმარებით ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა მოიპოვა გრანტები, გაემგზავრა საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერკლასებზე, მოიპოვა სტიპენდიები. „ვივაჩემ“ შეიძინა თანამედროვე მუსიკალური ლიტერატურა სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის, გადასცა ახალი ინსტრუმენტები თბილისის სამუსიკო სკოლებს და მრავალი სხვა.
„ვივაჩე“ დაინტერესებულია საქართველოსა და შვეიცარიას შორის კულტურული ურთიერთობის გაფართოებით და ამ მიზნით ფონდმა განახორციელა ქართველი და შევეიცარელი მუსიკოსების არაერთი კონცერტი შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები