თელავში გამოფენა -„ვაადსის არტეფაქტები“ გაიხსნება

15 – 22 ოქტომბერს, 16:00 – 18:00 საათამდე, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გამოფენა -„ვაადსის არტეფაქტები“  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში.
გამოფენაში „ვაადსის არტეფაქტები“ პირველი და მეორე კურსის სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია ლონდონის ჩელსის კოლეჯის სამაგისტრო კურსის სტუდენტების – ბენედიქტ ბაკლის, იაოიაო იუს და ალის მორის ნამუშევრები.
თელავის ისტორიული მუზეუმის გამოფენისთვის სტუდენტებმა ნამუშევრები მუზეუმის ექსპონატის თემაზე შექმნეს.
ელენე ხვედაგურიძემ ლურჯი დიპტიქზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორატორიის საჩვენებელ დაფაზე, ტექნიკურ დეტალებთან ერთად, თავისი პირადი სამკაულებიც გამოფინა, ხოლო სოფიო მესხის ნამუშევარი ამოქარგული კონსერვის ქილის ნატურმორტია.
გვანცა ჯგუშიას გრაფიტის ნამუშევრებს ხშირად ნახავთ თბილისის ქუჩებში. მათი უმრავლესობა განსხვავებულ თემაზეა შექმნილი. მუზეუმის გამოფენისთვის გვანცა ჯგუშიამ სამგანზომილებიან ობიექტად ქცეული გრაფიტის წარწერის შესაქმნელად არატადიციული მასალა – პენოპლასტი გამოიყენა.
აკაკი მაქცარიამ ყველასთვის ნაცნობი სამუზეუმო ნივთი ჯაჭვის პარანგი „ჯაჭვის ჰალსტუხის“ ექსპონატით ჩაანაცვლა.
მარიამ მესტვირიშვილის ქაღალდის ნაქარგობა ადრეული პერიოდის ტანსაცმლის დეკორის არაპირდაპირი გამეორებაა.
თელავში გამოფენის მოწყობა VA[A]DS ის მორიგი ინიციატივაა, რომ სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ თბილისის გარეთ.
გასულ წლებში VA[A]DS ის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და TBC -ის გალერეაში, ქუთაისში.

გამოფენაში მონაწილეობენ: ბენედიქტ ბაკლი, იაოიაო იუ, ალის მორი,  ელენე ხვედაგურიძე,  თორნიკე გოგნაძე, მარიამ მამასახლისი,  ეკა გოგუა, მარიამ პართენიშვილი,  სოფია მესხი, ვატო ბაქრაძე, მარიამ მესტვირიშვილი, გვანცა ჯგუშია,  ანა ქოიავა, მარიამ ინაშვილი, აკაკი მაქაცარია, თათა ფოცხვერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები