საქართველოს საგარეო უწყება იაპონიაში ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს იაპონიაში დამანგრეველი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ათეულობით ადამიანის გარდაცვალებისა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამოწვევის გამო.

„სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 15 ადამიანი, 212-მა კი, სხეულის დაზიანება მიიღო. ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში 12-13 ოქტომბერს იყო. ქარის სიჩქარე წამში 40 მეტრს აღწევდა, სტიქიას თან ახლდა ძლიერი წვიმა, ტიბას პრეფექტურაში კი, ტაიფუნთან ერთად ტორნადოც წარმოიქმნა. ტაიფუნის გამო, ქვეყნის 47 მდინარეზე დამცავი კაშხლები დაზიანდა, 10 000 სახლი დაიტბორა და მეწყრული ზონები 100-ზე მეტ ადგილზე გააქტიურდა. ელექტროენერგიის გარეშე 34 000 ადამიანი დარჩა, სასმელი წყალი კი, 133 000 ოჯახს არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები