“ილია II-ის მოღვაწეობა სცდება ეკლესიის ფარგლებს და უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას” – შალვა პაპუაშვილი
“პარლამენტის სახელით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ის მოღვაწეობა სცდება ეკლესიის ფარგლებს და უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.
“სწორედ მის ღვაწლს და დაუღალავ შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა:
პირველი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და ღირსეული აღიარება, რომლიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარობლად.
მეორე – სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის სინერგიას კონსტიტუციური რანგი შესძინა.
და მესამე – ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობისა და სულიერი ერთობის გამოხატულებად იქცა. 1999 წლის 27 აპრილს, სწორედ ამ დარბაზში, პატრიარქმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, დაებრუნებინა ის დროშა, რომლის ქვეშაც საუკუნეების განმავლობაში იდგა და იბრძოდა ქართველი ხალხი.
ეს სამი აქტი – რწმენის, სახელმწიფოსა და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება – არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა.
და ამიტომ, მისი ღვაწლი არ სრულდება წარსულში. ის ცოცხლობს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.