„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი გაიმართა -მონაწილეებმა არაგადამდები დაავადებების მიმართულებით ეროვნულ ადვოკატირების პრიორიტეტებზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს
2026 წლის 28-29 მარტს გაიმართა „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი, რომელმაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექიმთა ასოციაციები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე არაგადამდები დაავადებების მქონე პირები, სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლის საქმიანობის შეფასებასა და მიღებული გამოცდილების ანალიზს. მონაწილეებმა იმსჯელეს არაგადამდები დაავადებების მიმართულებით ეროვნულ ადვოკატირების პრიორიტეტებზე, ასევე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეებმა ერთობლივად განსაზღვრეს 2026 წლის ადვოკატირების მიზნები, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ფორმები და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის გზები. სემინარი დასრულდა ძირითადი პრიორიტეტების შეჯამებითა და მომდევნო ნაბიჯებზე შეთანხმებით.
სემინარის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პროფესიულ კოლეჯ „სპექტრი“-სა და „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსს“ შორის.

მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებების დაახლოებას. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ როგორც კოლეჯის სტუდენტების, ასევე არაგადამდები დაავადებების მქონე პირების პროფესიული უნარების განვითარებას — მათ შორის პროფორიენტაციის, მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებისა და გადამზადების კურსების საშუალებით.
საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის დირექტორის, სიმონი გაბრიჭიძის თქმით,
მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება ტრენინგების, კამპანიებისა და სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს პროგრამების ხელმისაწვდომობას.
„თანამშრომლობა ასევე მოიცავს არაგადამდები დაავადებების პრევენციის საკითხებზე საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას. მხარეები იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე, გააზიარებენ გამოცდილებას და უზრუნველყოფენ სპეციალისტების ჩართულობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება ტრენინგების, კამპანიებისა და სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს პროგრამების ხელმისაწვდომობას“,- აღნიშნა მან.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც აერთიანებს განათლებისა და ჯანმრთელობის სექტორებს საერთო მიზნისთვის — არაგადამდები დაავადებების პრევენციის გაძლიერება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება.
კოლეჯი სპექტრის დირექტორმა, მათე ტაკიძემ აღნიშნა, რომ ასეთი პარტნიორობები აძლიერებს სისტემურ ცვლილებებს.
„ამგვარი თანამშრომლობა ასევე ქმნის შესაძლებლობას რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებისთვის, ინოვაციური იდეების გაზიარებისა და მდგრადი შედეგების მიღწევისთვის. სწორედ ასეთი პარტნიორობები აძლიერებს სისტემურ ცვლილებებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაცვის კულტურის განვითარებას საზოგადოებაში, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე“- გვითხრა კოლეჯი სპექტრის დირექტორმა, მათე ტაკიძემ.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მულტისექტორული თანამშრომლობა და სტრატეგიული დაგეგმვა ქმნის მყარ საფუძველს სისტემური ცვლილებებისთვის და უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან და მდგრად მიდგომებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. მულტისექტორული თანამშრომლობა სცდება ჯანდაცვის სისტემის ფარგლებს და მოითხოვს განათლების, სოციალური სფეროს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ჩართულობას. სხვადასხვა სექტორის კოორდინირებული მოქმედება უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან პოლიტიკას, უკეთ მორგებულ სერვისებს და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.