ზაზა გაბუნია: ბოკერიასა და სააკაშვილის მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, რომლითაც ამომრჩეველს მოატყუებენ

მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია რეალურად კი არ აკრიტიკებენ ერთმანეთს, არამედ აქებენ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზაზა გაბუნია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

“ეს არის მეტყველების ენა. რეალურად კი არ აკრიტიკებენ, ან აძაგებენ ერთმანეთს, არამედ – აქებენ. მათი მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, მიზანსცენა, რომლითაც მოატყუებენ, შეცდომაში შეიყვანენ ამომრჩეველს. ეს არის პოლიტიკური შამანობა ნადირობის წინ, რადგან ისინი არჩევნებს განიხილავენ, როგორც ნადირობის პროცესს. ამომრჩეველს, სამწუხაროდ, განიხილავენ, როგორც მოსანადირებელ ერთეულს. ამიტომ მიდიან და მოდიან ნებისმიერ პოპულიზმზე, მათ შორის რელიგიის ექსპლუატაციაზე, რელიგიის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნებისთვის. ვფიქრობ, ამის შეფასება მოსახლეობას არ გაუჭირდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოკერიამ გუშინ, “მთავარ არხზე”, გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოპონენტების დევნა არ უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი “ევროპული საქართველოს” ლიდერის ეს განცხადება “ქართული ოცნების” ნარატივად აღიქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები