შალვა ნათელაშვილი თურქეთის საელჩოსთან სირიიდან ჯარების გაყვანას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის” ნაწილმა თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა, სოლიდარობა გამოუცხადა ქურთ ხალხს და პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თურქეთის ჯარების სირიიდან გაყვანა მოითხოვა.

“მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან, სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში“.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე მოქმედებები საქართველოსთვისაც სახიფათოა, ვინაიდან ახლოს ვართ კონფლიქტის ზონიდან.

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონფლიქტიდან და პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას იქ მიმდინარე პროცესები, საზღვრიდან სულ 4500 კმ, მეტი არა, და თუ მოხდება ისე, რომ დაკავებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომელთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიიდანაა, იქნებიან განთავისუფლებული, მათი გზა სწორედ საქართველოს გავლით წავა, ჩენ გვახსოვს ჩხატაევის დღეები თბილისში, როცა ლამის ნახევარი თბილისი ცეცხლმა მოიცვა, ანუ ის რაც ხდება სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ასევე ნათელაშვილი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სირიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაზე, პროვოცირება იყო თურქეთისთვის, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები სირიაში, რითიც ყველაზე მეტად რუსეთმა მოიგო. პოლიტიკოსის თქმით, ამით რუსეთმა გააძლიერა პოზიციები სირიაში.

“აბსოლუტურად მცდარი იყო ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაყვანაზე, რამაც პირდაპირ მისცა პროვოცირება თურქეთს დაეწყო სამხედრო მოქმედებები და ძალიან სასიამოვნოა, რომ აშშ-ს ორივე პარტია, რესპუბლიკელები და დემოკრატები, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მუშავდება თურქეთზე სანქციები… რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობამ გააძლიერა რუსეთის პოზიციები სირიაში, აიძულა ქურთებს გამოეცხადებინათ ზავი სირიის ხელმძღვანელობის მიმართ, გამოვიდა ისე, რომ რუსეთმა ყველაზე მეტი მოიგო ამ კონფლიქტით”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები