2020 წელს საგზაო პროექტებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომავალ წელს ქვეყნის მასშტაბით, საგზაო პროექტებს 1 მილიარდ 315 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მაგისტრალურ გზებთან ერთად მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება რეგიონულ და მთის გზის პროექტებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ჯამური ღირებულებით 150 მილიონი ლარი.

მომავალ წელს, სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე და დაიწყება ქვეშეთი-კობის მასშტაბური პროექტი, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე უკვე გაფორმებულია. 2020 წლის ივლისში დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთის შემოვლის საშუალებას მოგვცემს.

მომავალ წელს იგეგმება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 200 მილიონი ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და ამასთანავე მოძრაობას განტვირთავს ქალაქ ქუთასში. ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, 2020 წელს, საერთო ჯამში დაგეგმილია 600 კმ-მდე შიდა გზების რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 302 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები