დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში იაგორ კაზალიკაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა და იაგორობა დაწესდა

დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლეგენდარული მოხევე მთამსვლელისა და პოეტის, იაგორ კაზალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა გახსნა.
სტეფანწმინდაში მოხევე მთამსვლელთა ხსოვნის დღის – ,,იაგორობის“  დაწესების ინიციატივით გამოვიდა
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, ივანე ჯაფარიძე.
„ქართველ მთამსვლელთა დღევანდელი სურვილი მინდა ისტორიულ ფაქტად დარჩეს მომავალ თაობებს და ამიტომაც გთავაზობთ იდეას, რომ სტეფანწმინდაში სექტემბრის თვის ყოველი მეორე კვირა დაწესდეს მოხევე მთამსვლელთა და მათი მეგობრების ხსოვნის დღედ და დავარქვათ მას ,,იაგორობა“, მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის, მეგზურის, პოეტისა და სახალხო მთქმელის იაგორ კაზალიკაშვილის პატივსაცემად, რადგან ის იყო პირველი, ვინც თავის მეგობრებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ და საბჭოთა ალპინიზმს, მყინვარწვერი კი მთამსვლელობის სიმბოლოდ აქცია.
ჩვენ, აქ შეკრებილი სტუმარ-მასპინძლებიც პირველები ვიქნებით ამ ღირსსახსოვარი დღის დამფუძნებლები და მომავალში ალბათ ჩვენც გამოგვიჩნდებიან მიმდევრები.
იაგორთან ერთად, ამ დღეს გავიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველა იმ მოხევე მთამსვლელს, ვინც ამ უნიკალურ კუთხეს სახელი გაუთქვა და აქ მსხდომთაგან ვინ იცის, რამდენის წინაპარია მათ რიცხვში“, – აღნიშნა ივანე ჯაფარიძემ.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მართალია, ხევს გვირგვინად ადგას ალექსანდრე ყაზბეგის სახელი და ამ კუთხეს სხვა მრავალი სახელოვანი პიროვნებაც აღუზრდია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო იაგორ კაზალიკაშვილი, რომელმაც თითქმის საუკუნის წინათ, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, თავისი პატარა სახლი ქართული საზოგადოების რჩეული ნაწილის შეკრების ადგილად გადააქცია, რომელთაც ძირფესვიანად გააცნო ხევის – ამ უნიკალური კუთხის მთა-ბარი, ისტორია, ადათ-წესები და ტრადიციები…
სიტყვებით გამოვიდნენ:
საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის დირექტორის მოადგილე, გივი ქართველიშვილი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ შენგელია;
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი შეყრილაძე;
რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი იზა ვეფხვაძე;
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული კულტურის რაინდი, ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ უთმელიძე;
პოეტი, ლიტერატურულ ჟურნალ ,,ანეულის“ მთავარი რედაქტორი  თამარ შაიშმელაშვილი;
ჟურნალისტი, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი;
საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური;
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა შავთვალაძე;
იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილი – ნინო კაზალიკაშვილი.

იაგორ კაზალიკაშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ –  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“ (ხელმძღვანელები თინათინ კორძაია და ზვიად ჯინჭარაძე), ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი  ,,კარიბჭე“ (ხელმძღვანელი თამარ გოგოჭური).
საღამოს ბოლოს გადაწყდა, რომ იაგორ კაზალიკაშვილის ხსოვნის საპატივსაცემო დღე დაწესდება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „იაგორობა“ ყოველ წელს სექტემბრის მეორე კვირაში აღინიშნება.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაეთვალიერებინა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების” ანსამბლის ყოფილი სოლისტის თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენა – „ქართულო ცეკვავ, ცად ამიტაცე…”.
გამოფენა მიეძღვნა საქართველოში ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლეგენდარული მთამსვლელის იაგორ კაზალიკაშვილის ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები